ბუდუ სირბილაძე

ბიოგრაფია

ბუდუ სირბილაძე ბუდუ სირბილაძე დაიბადა ქუთაისში 1937 წლის 8 იანვარს. 1938 წლიდან ოჯახი საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში. 1952-58 წწ. ბუდუ სირბილაძე სწავლობდა თბილისის ი. ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ კოტე კიკნაძე, დიდი მაესტრო ვალენტინ შერპილოვი, ჯიბსონ ხუნდაძე. 1958 წლიდან სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე. სამხატვრო აკადემიაში ბ. სირბილაძე სწავლობდა გამოჩენილი მხატვრის კორნელი სანაძის სახელოსნოში, ხატვის მასწავლებელი კი იყო გამოჩენილი მხატვარი ვასილ შუხაევი. სამხატვრო აკადემია ბუდუ სირბილაძემ დაამთარა 1964 წ. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო „ორპირის გრანიტის კარიერი“. 1964 წლიდან ბ. სირბლაძე მონაწილეობას იღებს სხვადასხვა გამოფენებში. 1965 წელს იგი მონაწილეობდა უნგრეთში გამართულ ქართული ხელოვნების დეკადაზე, 1966 წელს კი მონრეალში (კანადა) გამართულ ქართული ხელოვნების დეკადაში. გარდა დაზგური ფერწერისა, ბ. სირბილაძე თავიდანვე მოღვაწეობდა კინო ხელოვნებაში. 1965 წელს იგი ო. აბესაძის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის დამდგმელი მხატვარი იყო. 1966 წელს საქართველოში აღინიშნა რუსთაველის 800 წლის იუბილე. ბ. სირბილაძემ მონაწილეობა მიიღო ამ იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენაში. 1967 წელს თბილსში, ხელოვნების მუშაკთა სახლში მოეწყო მხატვრის პირველ პერსონალური გამოფენა. 1968 წ. საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოების საგამოფენო დარბაზში მოეწყო მხატვრის მეორე პერსონალური გამოფენა. 1968 წელს ბ. სირიბლაძე გახდა საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. 1970 წ. მოსკოვში, ჟურნალ „სმენა“-ს გამომცემლობის საგამოფენო დარბაზში მოეწყო მხატვრის მესამე პერსონალური გამოფენა. 1970 წელს ბუდუ სირბილაძე რეჟისორმა სოსო ჩხაიძემ მიიწვია ფილმის „ქართული საგალობლები“ დამდგმელ მხატვრად. ფილმს უდიდესი წარმატება ჰქონდა როგორც ჩვენთან, ისე საზღვარგარეთ და არაერთი კინოფესტვალის ლაურეატი გახდა. ამ წარმატებაში მხატვარ ბუდუ სირბილაძის ღვაწლიცაა ჩაქსოვილი. 1971 წელს კი ბუდუ სირბილაძემ მხატვრულად გააფორმა სოსო ჩხაიძის ფილმი „მე15 გაზაფხული“. რეჟისორ სოსო ჩხაიძის და მხატვარ ბუდუ სირბილაძის შემოქმედებითი ტანდემი შემდგომშიც გაგრძელდა. 1973 წელს სოსო ჩხაიძემ ბუდუ სირბილაძე მიიწვია ფილმის „თუში მეცხვარეები“ დამდგმელ მხატვრად. ფილმის პირველი სერიის მხატვარია ბუდუ სირბილაძე., შემდეგ ამ ფილმის მხატვრად მუშაობდნენ მხატვრები გივი ვაშაკიძე და ვახტანგ რურუა. ბუდუ სირბილაძე 1970 იან წწ. მუშაობდა საქართელოს სატელევიზიო მაუწყებლობს მთავარ მხატვრად. 1973-74 წწ ბუდუ სირბილაძე ნაყოფიერად მუშაობდა ბორჯომში. მან ქ. ბორჯომის ადმინისტრაციული სახლის ფოიეში შეასრულა ფერწერული პანო თემაზე „ადამიანი შემომქმედი“. ამას გარდა, მხატვრის ესკიზით დამზადდა ბორჯომის საპატიო მოქალაქის მედალი, ქ. ბორჯომში დაიდგა ბორჯომის მინერალური წყლების სიმბოლური რელიეფი „ბორჯომის წყალი". 1981 წელს თბილისში, „მხატვრის სახლში“ მოეწყო ბ. სირბილაძის მეოთხე პერსონალური გამოფენა. 1985 წელს კი გამოიცა მხატვრის ნამუშევრების ალბომი. 1988 წელს თბილისის „მხატვრის სახლში“ მოეწყო მეხუთე პერსონალური გამოფენა. 1990 წელს მოსკოვში საქართველოს წარმომადგენლობის „მზიურის“ საგამოფენო დარბაზში მოეწყო ბ. სირბილაძის მეექვსე პერსონალური გამოფენა. მხატვარმა მონაწილეობა მიიღო 9 აპრილის მემორიალის კონკურსში და ასევე 9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილ გამოფენაში. 1991 წელს ბ. სირბლაძემ მონაწილეობა მიიღო ავსტრიაში გამართულ ქართველ მხატვართა გამოფენაში. 1996 წელს თბილისის სამხატვრო გალერეაში მოეწყო მხატვრის ნამუშევრების მეშვიდე პერსონალური გამოფენა. 2019 წელს გამომცემლობა „გრიფონმა“ გამოსცა ბ. სირბილაძის ნამუშევრების ალბომი. 2021 წ. გამოიცა მხატვრის ნამუშევრების ალბომი „ფერის, ხაზის, ფორმის, არქიტექტურის ძიება“. 1991 წლიდან ბ. სირბლაძე საქართველოს თავადაზნაურთა საკრებულოს გამგეობის წევრია და მხატვართა შემოქმედებით გაერთიანების „სამეფო პალიტრა“ თავმჯდომარეა, რომლის ეგიდითაც საქართველოს მასშტაბით მოეწყო ქართველ მხატვართა ნამუშევრების მრავალი გამოფენა. ბუდუ სირბილაძე საქართველოს დამსახურებული მხატვარია და ჩვეული შემართებით აგრძელებს შემოქმედებით მოღვაწეობას.ბუდუ სირბილაძის ნამუშევრები დაცულია, საქართველოს სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში საქართველოში, რუსეთში, ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში.

ნატურმორტი აივანზე სოფელ ტეზერში - ზეთი, მუყაო - 70,5 x 60 სმ. - 2013 წ.

ნამუშევრები

The Abundance of the Georgian Land - Oil on canvas - 70 x 70 cm. - 2020

გვკითხეთ ყველაფერი ნახატის შესახებ