გივი ვაშაკიძე

ბიოგრაფია

გივი ვაშაკიძე (1937-2017) დაიბადა 1937 წლის 7 აგვისტოს თბილისში. იგი სამხატვრო დაწყებით განათლებას ეზიარა თბილისის მოსწავლეთა სასახლეში, სადაც ხატვას სწავლობდა გრიგოლ მესხთან და შალვა კაპანაძესთან 1951-1954 წლებში. აქ იგი თავდაპირველად სწავლობდა ნატურმორტის ხატვას, შემდგომ კი მან აქვე შექმნა პირველი შემოქმედებითი ნამუშევარი „დაჭრილი მხედარი სვანეთში“. გივი ვაშაკიძემ შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც მას ფერწერას ასწავლიდნენ ხიტა ქუთათელაძე და რობერტ სტურუა ( ცნობილი რეჟისორის მამა) , გრაფიკას კი ასწავლიდა გამოჩენილი მხატვარი სერგო ქობულაძე. 1950-იანი წლების ბოლოს ქართულ და ზოგადად, საბჭოთა კავშირის სამხატვრო შემოქმედებით სივრცეში გარკვეული ცვლილებები მოხდა, ახალგაზრდა მხატვრები განუდგნენ ეგრეთ წოდებულ „სოციალისტურ რეალიზმს“ და ღრმად დაიწყეს დასავლეთ ევროპის მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისის ხელოვნების შესწავლა. შემდეგში მრავალმა მათგანმა თავისი შემოქმედების მანერად აირჩია იმპრესიონისტთა და პოსტიმპრესიონისტ მხატვართა ხატვის მანერა. რა თქმა უნდა, ოფიციალური ხელოვნების მესვეურები ამგვარ მხატვრობას ეწინააღმდეგებოდნენ , კომუნისტური პარტიული ელიტის და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მითითების საფუძველზე, ხშირი იყო ახალგაზრდა მხატვართა დაბარება და დაკითხვა პარტიულ და ძალოვან სტრუქტურებში , მაგრამ შემოქმედებითი ახალგაზრდობა არ ნებდებოდა და მაინც თავის მიერ არჩეულ მხავრული ნოვაციების გზას მიჰყვებოდა. ამ ახალგაზრდებს შორის იყო გივი ვაშაკიზეც. მან თავის შემოქმედებაში დიდი ადგილი დაუთმო სიურეალისტურ კომპოზიციებს. მის შემოქმედებაში, გარდა სიურეალისტური სტილის კომპოზიციებისა, ასევე არის სიმბოლური, მეტაფორული, წარმოსახვითი კომპოზიციები, რომლებიც სამყაროს ფილოსოფიური აღქმის ჭრილში წრმოგვიდგენს. შეიძლება თამამად ითქვას , რომ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარის ქართულ ფერწერაში სწორედ გივი ვაშაკიძეა სიურეალისტური, სიმბოლური წარმოსახვითი ხელოვნების ერთ-ერთი პირველი მიმდევარი. რა თქმა უნდა, ამის გამო საბჭოთა ოფიციოზი არ აძლევდა მხატვარს გამოფენების მოწყობის საშუალებას და მხოლოდ 1977 წელს, გამოჩენილი ქართველი დისიდენტის, იმ პერიოდში რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის დირექტორის, მწერალ აკაკი ბაქრაძის პირადი გადაწყვეტილებით თეატრის ფოიეში მოეწყო გივი ვაშაკიძის პირველი პერსონალური გამოფენა. შემდგომში მისი აღიარება ნელ-ნელა მოდიოდა და პერსონალური გამოფენები ეწყობოდა სხვადასხვა ქალაქებში:
  • 1979 წ. რიგა, ლატვია;
  • 1987 წ. თბილისის მხატვრის სახლი;
  • 1989 წ. მოსკოვში, საქართველოს წარმომადგენლობის შემოქმედებით ცენტრში „მზიურში“;
  • 1989-1990 წწ. ჯგუფური გამოფენები მიუნჰენში;
  • 1991 წ. ტიროლში;
  • 1996წ. ისევ მიუნჰენში;
2019 წელს - პერსონალური გამოფენა თბილისში "გიორგი ჩუბინიშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი ცენტრი".2021 წელს - ამჟამად, მისი ნამუშევრების გამოფენა მიმდინარეობს Solomon Arts Gallery თბილისში.

სიყვარული და ეკლესია - ზეთი, ტილო - 110 x 110 სმ. - 2014 წ.

ნამუშევრები

შატილი - განგაშის ცეცხლი - ზეთი, ტილო - 80 x 140 სმ. - 2014 წ.

ქარი დილიდან უბერავდა - გუაში, ქაღალდი - 35 x 73,5 სმ. - 1967 წ.

ავტოპორტრეტი - ზეთი, მუყაო - 48 x 34 სმ. - 1964 წ

გვკითხეთ ყველაფერი ნახატის შესახებ