ჯემალ ხუციშვილი

ბიოგრაფია

ჯემალ ხუციშვილი ჯემალ ხუციშვილი დაიბადა 1938 წლის 18 აპრილს ქ. თელავში, საშუალო განათლებაც იქ მიიღო _ თელავის 250 წლის ისტორიის მქონე პირველ საშუალო სკოლაში. 1955 წელს სწავლობდა თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, რის შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ჯემალ ხუციშვილმა სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრა 1960 წელს. ახალგაზრდა მხატვრის შემოქმედებამ თავიდანვე მიიქცია ფართო საზოგადოებრიობის ყურადღება ორიგინალური, ეროვნული მოტივების წარმოჩენით, ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებითი ტრადიციების გაგრძელებით, სახასიათო ფერადოვნებით. 1966 წელს ახალგაზრდა მხატვრის ნამუშევრები გამოფენილი იქნა ჯერ თბილისში, სურათების სახელმწიფო გალერეაში, შემდგომ მოსკოვში, აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში; ამას გარდა, 1966-67 წწ. მოსკოვის 4 სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში ასევე მოეწყო ახალგაზრდა მხატვრის შემოქმედების პერსონალური გამოფენები. 1967 წ. საფრანგეთის ტელევიზიამ თავის მაყურებელს გააცნო მოსკოვში, აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში მოწყობილ ჯემალ ხუციშვილის პერსონალური გამოფენის ამსახველი კადრები. 1966 წელსვე მშობლიური ქალაქი თელავი მასპინძლობდა ჯემალ ხუციშვილის პერსონალურ გამოფენას. გარკვეული პაუზის შემდგომ, 1977 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოფენო დარბაზში, თბილისში მოეწყო ჯემალ ხუციშვილის პერსონალური გამოფენა, ხოლო 1986 წელს, პირველი პერსონალური გამოფენიდან 20 წლის შემდეგ, ჯემალ ხუციშვილის პერსონალური გამოფენა ისევ მოეწყო საქართველოს სურათების სახელმწიფო გალერეაში. ეს გამოფენა მხატვრის შემოქმედების ახალი ეტაპის ამსახველი იყო. 1988 და 1989 წლებს ჯემალ ხუციშვილის პერსონალური გამოფენები მოეწყო აკად. შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმში. 2000 წელს მხატვარი თავისი შემოქმედებით კვლავ წარსდგა საზოგადოების წინაშე იმავე ხელოვნების მუზეუმის საგამოფენო სივრცეში. 2000 წელს მხატვრის შემოქმედება ასევე გამოფენილ იქნა საქართველოს საპატრიარქოს შენობაში. ჯემალ ხუციშვილს 1984 წ. მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება. ჯემალ ხუციშვილის ნამუშევრები დაცულა აკად. შ. ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმში თბილისში, საქართველოს ეროვნულ გალერეაში თბილისში, მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვის ტრეტიაკოვის სამხატვრო გალერეაში, საქართველოს სხვადასხვა მუზეუმებსა და გალერეებში, თანამედროვე მხატვართა გალერეაში პარიზში. ასევე კერძო კოლექციებში. ჯემალ ხუციშვილი აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას განაგრძობს და ქმნის მშობლიური ქვეყნის პეიზაჟებს, ეთნოგრაფიული ხასიათის კომპოზიციებს, ქალაქური ყოფის ამსახველ სურათებს, რომლებიც გაჟღენთილია უდიდესი სითბოთი და პოზიტიური განწყობით. 

ფიროსმანი შველით - ზეთი, ფირფიცარი - 78 x 55 სმ. - 1980 წ.

ნამუშევრები

სოფელი ალექსეევკა - პასტელი, მუყაო - 39 x 57 სმ. - 1993 წ.

ზამთარი სოფელში - ზეთი, მუყაო - 33 x 42 სმ. - 2005 წ.

საზამთროს გამყიდველი - ზეთი, ტილო - 70 x 50 სმ. - 1970 წ.

იმერეთის პეიზაჟი - ზეთი, მუყაო - 33 x 42 სმ. - 2007 წ.

მიტოვებული სახლი - ზეთი ტილო - 49 x 69 სმ. - 2003 წ.

გვკითხეთ ყველაფერი ნახატის შესახებ